მივესალმებით თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის ზრდის პერსპექტივას, კერძოდ თურქეთიდან შემოტანილი ინდუსტრიული ნედლეულიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია უფრო მეტად, ფართო ასორტიმენტით და მეტი მოცულობით გავა ევროკავშირში,“ – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის 10 თებერვალს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მიერ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც, მინისტრის განცხადებით, გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც საქართველოდან ევროკავშირში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, შეთანხმება ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
”თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ და ჩვენი ბიზნესსაზოგადოება 4 წლის განმავლობაში ველოდით”, – თქვა თურნავამ და ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქტები თურქული წარმოების სამრეწველო ნედლეულით პირდაპირ გატანა ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. ასევე ის წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.